ირლანდიის ისტორიის უძველესი ხანა დაკავშირებულია ევროპის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილებში მცხოვრები ხალხის, კელტების ექსპანსიასთან. ბერძნები Keltoi-ს უწოდებდნენ ალპების ჩრდილოეთით მცხოვრებ ხალხებს და მათ საერთო წარმოშობის ხალხებად სთვლიდნენ. როგორც ბრიტანული ენციკლოპედია გვეუბნება, ტერმინების “კელტის” და “კელტურის” არასწორმა ხმარებამ გამოიწვია მრავალი გაუგებრობა. ჩვეულებისამებრ, კელტებს უწოდებდნენ კელტურად მოლაპარაკე ხალხებს ადრინდელ საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, ისინი შავგვრემანები იყვნენ და ტანმორჩილნი, ხოლო ძველი დროის მწერლები კელტებს უწოდებდნენ გოლიათური აღნაგობის ქერა და ცისფერთვალება ხალხს, რომელიც მკვიდრობდა ევროპაში.
ამრიგად, კელტები ფიზიკური გარეგნობის მიხედვით განიყოფებიან ორ ჯგუფად: პირველი ჯგუფი მკვიდრობდა ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში, ძირითადად სკანდინავიაში. მათ ჰქონდათ გრძელი თავები, ვიწრო, არწივისებური ცხვირი, ცისფერი თვალები, ღია თმა. ისინი ტანმაღლობით გამოირჩეოდნენ. ეს გახლავთ წინაპრები, საერთოდ, ჩრდილოეთის ხალხებისა. მეორე ჯგუფი გამოირჩევა უფრო მრგვალი თავით, ფართო სახით, მოზრდილი ცხვირით, მორუხო თვალებით, ღია-წაბლისფერი თმით. ამ ჯგუფის წარმომადგენელნი ბრგენი არან და საშუალო ტანისა. ამ მოდგმას ხშირად უწოდებენ კელტურს ანუ ალპინურს (Alpine), ვინაიდან ისინი გვხვდებიან ალპების გაყოლებით სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, სავოიში, შვეიცარიაში, ბრეტანში, ბურგუნდიაში, ვოგეზებში და სხვ. ასე რომ, არის განსხვავება როგორც ანთროპოლოგიური, ასევე გეოგრაფიული სკანდინავურსა და ე.წ ხმელთაშუაზღვის კელტებს შორის. ე.წ. ლა ტენის (La Tene) კულტურის განვითარების პერიოდში კელტები უაღრესად გაძლიერდნენ (500 წ. ქრისტემდე და 1 წ. ქრისტეს შემდეგ). ამას მოჰყვა ამ ხალხების დიდი ექსპანსია მთელ ევროპაში და მცირე აზიაში. მეცნიერები მათ ძლიერებას მიაწერენ მეტალურგიის მაღალ განვითარებას, კერძოდ, რ კ ი ნ ი ს წ ა რ მ ო ე ბ ა ს. ქრისტემდემესამე საუკუნე იყო დასაწყისი მძლავრი კელტური ექსპანსიისა, რომელიც კიდევ უფრო ადრეც მიმდინარეობდა. ამ დროისათვის კელტებმა დაიკავეს საფრანგეთის ხმელთაშუაზღვის სანაპირო და ესპანეთი გადიზამდე (Gadiz). აქ ისინი შეერიენ ადგილობრივ იბერიელებს. აქედან წარმოსდგა სახელწოდება “კელტ-იბერები”, შემდეგ კელტები გადავიდნენ იტალიაში, შვეიცარიაში, დაამარცხეს ეტრუსკები და აიღეს რომი (390 წ. ქრისტემდე), აქ მათ მიიღეს ოქროს ხარკი, შემდეგ გადავიდნენ ბალკანებზე, დაგალახეს ჰელესპონტი და დაიპყრეს თრაკია, მარშით გაიარეს მცირე აზია და შეჩერდნენ იქ, სადაც არის ისტორიული გალატია, რომელიც მოხსენიებულია ახალ აღთქმაში (იხ. გალატელთა მიმართ ეპისტოლე წმ. პავლე მოციქულისა), შემდეგ მათ გზა განაგრძეს აღმოსავლეთისკენ. აუხვიეს ჩრდილოეთით, გაიარეს კ ო ლ ხ ე თ ი, შავი ზღვის მთელი სანაპირო და გადავიდნენ სკვითეთში, აზოვის ზღვამდე, და აქ შეერივნენ სკვითებს. რა თქმა უნდა, კელტების მსვლელობა არ იყო ერთწამიერი, იმჟამინდელი ტექნიკისა და გადაადგილების საშუალებათა არასრულყოფილებას ზედ ერთვოდა მათი ინტერესი ადგილობრივ მოსახლეობასთან ვაჭრობისა და სხვადასხვაგვარი აღებ-მიცემობისა. ამიტომ მათი ნაწილი ყოველთვის ყოვნდებოდა ამა თუ იმ დაპყრობილ ადგილზე. ჰიპოთეზურად შესაძლოა დავუშვათ, რომ იგივე მოხდა იმჟამინდელ საქართველოშიც. როგორც ჩანს, კელტური მოსახლეობის ნაწილი შეერია იმჟამინდელი საქართველოს მოსახლეობას ისევე, როგორც ეს სკვითებში მოხდა. შესაძლოა, ეს იყოს მიზეზი იმ მაღალი მეტალურგიული კულტურისა, კერძოდ, რკინის წარმოების ხელოვნებისა, რომელიც გვხვდება კულტურულ ხალხებში.
დასავლეთისაკენ კელტებმა ილაშქრეს ბრიტანეთის კუნძულებამდე, ესენი იყვნენ ბრიტონები და გოიდელები. ბრიტონები დაეფუძნენ ინგლისში და უელსშსი, ხოლო გოიდელები დაახლ. მე-4 საუკუნეში ქრისტემდე – ირლანდიაში, სადაც მალე დაიკავეს მმართველი კასტის პოზიცია. ირლანდიის უადრეს მემკვიდრებს კი “პიქტებს” უწოდებდნენ. აი, ამ ორი ეთნიური ერთეულისაგან წამოდგა შემდგომი ირლანდიური მოსახლეობა. აღსანიშნავია, რომ ეს პიქტების ძველ იბერებს ენათესავებოდნენ.
No comments:
Post a Comment