როგორც ძველი ხალხების კულტურათა და რელიგიური კონცეფციების შესწავლა ცხადყოფს, ოდითგანვე არსებობდა რელიგიის შინაგანი (ეზოტერული) და გარეგანი (ეგზოტერული) მხარე. აქედან გამომდინარე რელიგიას აქვს შინაგანი და გარეგანი ისტორია. ჩვენს ეპოქაში გაღრმავდა რელიგიისა და შემეცნების ურთიერთდამოკიდებულების შესწავლა, რამაც ცხადყო, რომ რელიგიის ადრინდელი ფორმები წარმოადგენდნენ ხალხის მასებისათვის გამარტივებულ, ხატოვნად, იგავურად მოცემულ ღრმააზროვან ჭეშმარიტებებს ადამიანისა და სამყაროს ევოლუციის შესახებ. რელიგიები ეძლეოდა კაცობრიობას შემეცნების მაღალ საფეხურზე მდგარი ადამიანების მიერ, რომელთაც გააჩნიათ უაღრესად ღრმა ცოდნა სამყაროსა და ადამიანების შესახებ. ამგვარ ცოდნას ნაზიარები ადამიანები ერთიანდებოდნენ ე.წ. მისტერიებში, რომელთა პრაქტიკაც უცნობი იყო ხალხისათვის და შეუვალი. იდუმალი მეცნიერების ანუ ოკულტიზ მის (occultus-დაფარული) ამგვარი კერები არსებობდნენ ძველი მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც(კოლხური მისტერიები). კოლხეთიდან ოქროს საწმისის გატაცება ბერძნების მიერ სიმბოლურად უნდა გავიგოთ, როგორც მისტერიალური ცოდნის წაღება, რომელიც ადრე დაჰკარგეს ბერძნებმა და იმ დროისათვის მხოლოდ კოლხეთში იყო შემორჩენილი. “ფარული რელიგია არსებობდა სახალხო რელიგიის გვერდით. მისი დასაწყისი ეკარგება ჩვენს ისტორიულ თვალთახედვას ხალხთა წარმოშობის გარიჟრაჟზე. ჩვენ ვპოულობთ ამგვარ ფარულ რელიგიას ყველა ძველ ხალხებთან, სადაც კი მისწვდება ჩვენი ცნობიერება. ჩვენ ვხედავთ, თუ რა მოწიწებით გვესაუბრებიან ამ ხალხთა ბრძენკაცნი მისტერიის შესახებ”***.
მისტერიებში ოდითგანვე გადმოცემული ცოდნის ათვისების გარდა ხდებოდა ახალი ცოდნის მიღებაც. აქ ეძლეოდა მოწაფეს ინიციაციის, სულის უზენაესი ნათლისღების გზა, რომელიც სხვადასხვაგვარი იყო სხვადასხვა მისტიურ სკოლებში. მაგრამ ერთი რამ მაინც საერთო იყო ყველა მათგანში: ეს იყო ხანგრძლივი მორალურ-ეთიური შემზადება და წინასწარი გამოცდების გავლა, რომლებიც მით უფრო შემზარავნი იყვნენ, ცნობიერების რაც უფრო მაღალი საფეხური უნდა გახსნოდა მოწაფეს. ამ ფათერაკებს სხვადასხვაგვარი სიმბოლური სახეებით გვიხატავენ მისტერიებიდან გამოსული მითები. მაგ. ჰერაკლეს ბრძოლა ჰიდრასთან, ცერბერთან, კენტავრებთან, სხვადასხვაგვარ ურჩხულებთან ბრძოლა ინიციაციის მაძიებელი გმირებისა ზემოთხსენებულ დაბრკოლებათა დაძლევის ანარეკლია. “ყოფიერების საიდუმლოებათა შემეცნების გზა გაივლის საშინელებათა სამყაროს”- როგორც გვეუბნება რუდოლფ შტაინერი.
უმაღლესი ჭეშმარიტების შემეცნება დაკავშირებულია მაღალი ეთიური იდეალის გამარჯვებასთან. ამიტომ ამგვარი გმირები მუდამ ხალხისათვის თავდადებული ადამიანები არიან, რომელნიც ხშირად მსხვერპლად ეწირებიან ხალხის კეთილდღეობას (მითოლოგიური გმირების ერთგვარი გამოძახილია ხალხური ზღაპრების გმირები, რომელნიც დაახლოებით იგივე თვისებებს ატარებენ). ასეთი გმირებია ირლანდიურ საგებში კუხულაინდი, მაილდიუნი, დიარმად ო დუივნეს ძე, კორმაკი და სხვანი.
No comments:
Post a Comment