
მითოლოგიისა და რელიგიის საკითხების შესწავლა ძირითადი ფაქტორია ძველი ხალხების კულტურის პრობლემების გაშუქებისას. რამდენადაც ამა თუ იმ ხალხების კულტურის დონე რელიგიურ შეგნების დონით განისაზღვრება, უაღრესად მნიშვნელოვანია შესწავლა რელიგიის იმ ფორმებისა, რომელნიც ჰქონდათ ადრინდელ ხალხებს. რამდენადაც რელიგია და მითოსი განუყოფელი იყო ანტიურ ხანაში, სწორედ ეს მომენტი უნდა იქცეს ამოსავალ წერტილად ძველი ლიტერატურიების შესწავლის დროსაც. ძველ ირლანდიურ ლიტერატურაში ისევე, როგორც ძველ ბერძნულში, ძველ ინდურში და სხვა ლიტერატურებში, გვხვდება ურთიერთშერწყმა ისტორიული და მითოლოგიური ელემენტებისა. ხშირად ძნელია გარჩევა, სად ეხება საქმე გრძნობად-ფიზიკურ სამყაროს და სად ზეგრძნობად–სულიერს. გმირები თითქოს ორივე სამყაროს სრულუფლებიანი მოქალაქენი არიან, მათი მოქმედება ორივე სამყაროს ფაქტებთან და არსებებთანააშეთანხმებული და ტრაგიკული მომენტებიც იქ აღმოცენდება, სადაც ი რ ღ ვ ე ვ ა ნებსით თუ უნებლიედ ეს ჰარმონია. რამდენადაც საგები იქმნებოდა “ფილიდების” ანუ ნათელმხილველების მიერ, რომელთაც უაღრესად მჭიდრო კავშირი ჰქონდათ რელიგიურ პრაქტიკასთან. ისინი წარმოადგენენ არა მარტო ჩვენი გაგებით “ლიტერატურულ”, არამედ რელიგიური თვალსაზრისით შექმნილ თხზულებებს. მეცნიერთა აზრით, პრეკელტურ, იბერიულ მოსახლეობაში იყო ნათელმხილველთა და მოგვთა კლასი, რომლისგანაც გამოვიდა დრუიდთა კლასი. კელტური რეჟიმის დროს** დრუიდებს გააჩნდათ ცოდნა ღმერთების შესახებ, მიღმა სამყაროს შესახებ, მიწისა და ციური სხეულების შესახებ, კაცობრიობის ისტორიის შესახებ. რელიგია და კანონმდებლობა მათ ხელში იყო, მათ ჰქონდათ აგრეთვე ოკულტური და წინასწარმეტყველური უნარები. ქრისტიანულ ირლანდიაში, დრუიდები განაგრძობდნენ არსებობას. მაგრამ მათ უკვე “ფილიდები” ერქვათ, რაც იმ დროისათვის უფრო “პოეტის” მნიშვნელობას იძენს, მაშინ როდესაც ადრე ეს სიტყვა მეტწილად “მხილველს” ნიშნავდა. ამ დროისათვის ისინი უკვე წარმოადგენენ ავტორიტეტს რელიგიის სფეროში, მაგრამ ოკულტური და მაგიური პრაქტიკა ჯერაც მათ ხელში იყო. ისინი ასრულებდნენ წინასწარმეტყველების, ენვოლტაციის რიტუალებს და სხვა. ამავე დროს ისინი იყვნენ საგებისა და სიმღერების შემთხზველნი, რასაც დიდი სახალხო მნიშვნელობა ჰქონდა. სიმღერას-მაგიური ძალა ჰქონდა, რითაც მას შეეძლო ზეგავლენის მოხდენა ამა თუ იმ პიროვნების ქცევაზე, ჯანმრთელობაზე და თვით ბედზეც. გავიხსენოთ “კუხულაინდის სიკვდილიდან” ბოროტი ჯადოქარი, რომელიც ემუქრება კუხულაინდს ბოროტი სიმღერის შეთხზვით. ან ის მომენტი, როდესაც მიჯნურობისაგან შმაგქმნილ კუხულაინდს დრუიდები უმღერიან და არჩენენ სიშმაგისაგან. ასე რომ, პოეზია ძველ ირლანდიაში სიბრძნის ერთი დარგი იყო, ისევე როგორც ძველ საქართველოში (გავიხსენოთ შ. რუსთველისეული განსაზღვრა: “შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი”). თან, ამავე დროს “საღმრთო საღმრთოდ გასაგონი”, ე.ი. რელიგიური პრაქტიკის შემადგენელი ნაწილი. თუმც ირლანდიაში ამავე დროს არსებობდნენ “ბოროტი სიმღერების” შემთხზველნიც, როგორც ზემოთ აღინიშნა.
მათი მაგიური სიმღერებიდან რამოდენიმეს შემოგთავაზებთ.
No comments:
Post a Comment